საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა 2029 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა – ამის შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. BMG-ის ცნობით, თავდაპირველად ეს აკრძალვა ძალაში 2023 წლის მაისიდან ამოქმედდა და ის ძალაში იყო 2026 წლის პირველ მაისამდე, ახლა კი ის დამატებით სამი წლით გახანგრძლივდა. მთავრობამ კატალიზატორების ექსპორტი ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით აკრძალა.
გამოცემა წერს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანახმად, აკრძალულია შემდეგი დასახელებების საქონლის ექსპორტი:
A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა;
B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები;
16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07-ისა)
16 08 07 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით.
წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი – 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით.
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:
● 2015 – 92,122 კგ. ღირებულება 6,297,318 დოლარი;
● 2016 – 60,505 კგ. ღირებულება 3,594,713 დოლარი;
● 2017 – 61,579 კგ. ღირებულება 3,654,629 დოლარი;
● 2018 – 89,672 კგ. ღირებულება 7,291,708 დოლარი;
● 2019 – 111,190 კგ. ღირებულება 11,709,724 დოლარი;
● 2020 – 86,999 კგ. ღირებულება 16,794,165 დოლარი;
● 2021 – 122,092 კგ. ღირებულება 31,082,823 დოლარი;
● 2022 – 67,790 კგ. ღირებულება 15,986,269 დოლარი.
2023 წლიდან კი ექსპორტი სრულად აიკრძალა.
