ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის მკაფიო ზღვრის გავლება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კრიტიკის გამოხატვა, მათ შორის მწვავე ფორმით, შეზღუდული არ უნდა იყოს, თუმცა შეურაცხყოფასა და სიძულვილის სხვადასხვა ფორმას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ რეგულაციების არსებობა, არამედ მათი პრაქტიკაში სწორად დანერგვაა. მისი მტკიცებით, საზოგადოება წლების განმავლობაში პოლარიზაციისა და სიძულვილის „ჩაკეტილ წრეში“ აღმოჩნდა.
„სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება იყოს გამოხატული, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის მაგალითად შეურაცხყოფა, რასაც ხშირად ვხედავთ სოცმედიაშიც და სოცმედიის მიღმაც, ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, სახელმწიფოს უკვე აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, თუმცა აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი. სწორედ ამიტომ, მისი განცხადებით, შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნა სიძულვილის კამპანიებზე რეაგირების ბერკეტს გააჩენს.
„უბრალოდ, აქამდე არ არსებობდა აღსრულების კონკრეტული მექანიზმი და კონკრეტული ინსტიტუციური მექანიზმი შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უკვე ჩნდება აღსრულების ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ თანდათანობით თავს დავაღწევთ სიძულვილის ჩაკეტილ წრეს,“ — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა პოლიტიკური პოლარიზაციისა და სიძულვილის კამპანიების წარმოშობის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პერიოდში მსგავსი პროცესები როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში სისტემურად მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, საზოგადოების შეფასებით, ნათლად ჩანს, თუ საიდან მოდის სიძულვილის რიტორიკა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, თუმცა სიძულვილისა და შეურაცხყოფის წახალისება მიუღებელი გახდება.
