“რატომაა მოღალატე? – ლევან ხაბეიშვილს შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში წასულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დედამ, მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიან დამხობაზე კონსტიტუციის ფარგლებში ლაპარაკობდა.
მარინა კოტრიკაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ლევან ხაბეიშვილს სჯიან და ფიქრობენ, რომ ის გატყდება – “ლევან ხაბეიშვილი არ გატყდება”.
ერთი ქალბატონი მწერდა, რომ შენი შვილი სამუდამო პატიმრობაში უნდა იყოსო, მოღალატეაო – რატომაა ლევან ხაბეიშვილი მოღალატე? ლევან ხაბეიშვილს შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში წასულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა და იქ ყოფილიყო.
ლევანი კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიან დამხობაზე როცა ლაპარაკობდა, გულისხმობდა იმას, თან ყოველთვის ხაზს უსვამდა, უნდა იყოს ბევრი ხალხი გამოსული, ეს ბევრი ხალხი, 200 ათასი, 300 ათასი, რომ დადგებოდა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე, მთავრობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინა სამართლიანი არჩევნები. ეს ყველაფერი დაიწყო სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით. […]
ლევანის მიმართ პირადი შურისძიება და პირადი ზიზღი ჰქონდათ ამ მაღალჩინოსნებს იმიტომ, რომ ლევანი მათ ამხელდა კორუფციაში, კორუფციული სქემები, აი რომელი არ გამართლდა ლევანის გაშიფრული კორუფციული სქემა. ვფიქრობ, რომ ამით სჯიან და ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი გატყდება, ლევან ხაბეიშვილი არ გატყდება, არასდროს არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია,” – განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილის დედამ “TV პირველის” შერჩევით სამართალზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრებისთვის ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ოპოზიციონერებისთვის არაფრის დაშვება არ შეიძლება”.
“ქართული ოცნების” წევრებისთვის ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ აი ოპოზიციონერებისთვის არაფრის დაშვება არ შეიძლება. რიმა ბერაძემ მანჯგალაძეს თავში ჩაარტყა ფურცლების დასტა, ახლა წარმოიდგინეთ, ეს რომ მაგალითად ანი წითლიძეს გაეკეთებინა და ვინმესთვის ჩაერტყა ეს დასტა. შერჩევითი სამართალი აქვთ, როგორც უნდათ, როგორც აწყობთ თვითონ ისე აკეთებენ ყველაფერს. მარიამ ჯაშმა 2 შვილის დედა, 2 გოგონა ციხეში გაუშვა და სიტყვაზე, ლევანის რომ აშავებდნენ, ტალახს რომ ესროდნენ, ლევან ხაბეიშვილსაც ჰყავს შვილები, ლევან ხაბეიშვილის შვილებიც ყველა სიტყვაზე ნერვიულობენ, ლევან ხაბეიშვილის დედა თითოეულ სიტყვაზე ნერვიულობდა. ამათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია “ოცნების” წევრებს არაფერი არ დაემართოთ,” – ამბობს მარინა კოტრიკაძე.
ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
