სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „როიალ ფიშ ბათუმი“ არაგეგმურად შეამოწმეს და 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინეს. შემოწმებისას სააგენტომ კრიტიკული დარღვევები დააფიქსირა.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმო საქმიანობას შესაბამისი რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ვადაგასული პროდუქცია დაილუქა და შემდგომი განადგურებისთვის გადაიგზავნება. სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა მხოლოდ დადგენილი სანიტარული და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით წარმართონ.
