პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. დღევანდელი შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 2026 წლის 19 მაისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხვია ოდიშარია და სხვ.
უწმინდესმა და უნეტარესმა მოისმინა მშობლების მიერ გაზიარებული ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან დიუშენის დაავადების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხი საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი და საჭიროებს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ დონეზე მეტ ყურადღებასა და კოორდინირებულ მუშაობას.
ამ მიზნით გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით. მუშაობაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლასა და იმ შესაძლო გზების მოძიებას, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მათ მხარდაჭერასა და საჭიროებების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია განცხადებაში.
