კიევში დააკავეს 24 წლის ქართველი კაცი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ავტომობილები დაწვა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მას ბრალი სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ფაქტზე წარედგინა. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ მარტის დასაწყისში ეჭვმიტანილი უკრაინაში სამუშაოს საძიებლად ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, Telegram-ის საშუალებით მან იპოვა სამუშაო, რაც რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ავტომობილების დაწვას გულისხმობდა. უკრაინული მედია წერს, რომ ეჭვმიტანილმა პარტიზანული დიდების პარკში ცეცხლი წაუკიდა Cherry Tiggo 2-ის მარკის ავტომობილს, ხოლო გრიგორენკოს პროსპექტზე – Ssang Yong Rexton-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბინაში დააკავეს. მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურებთან მიმოწერის მტკიცებულებები ინახებოდა. ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, გირაოს სახით კი 133 ათასი გრივნა განესაზღვრა.
