პროკურორი აღარ იქნება ვალდებული, კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.
კანონის მოთხოვნა, რომელიც პროკურორს ასეთ ვალდებულებას აკისრებს, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან“ ამოდის. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 143/9-ე მუხლით განისაზღვრება. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან მიმართებით ჩატარდა და ამ დანაშაულებთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პროკურორს ეკისრება ვალდებულება ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს.
ამ შემთხვევაში საქმე შემდეგ დანაშაულებზე ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება: – განზრახ მკვლელობა (მუხლი 108); განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109); თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143); ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი (მუხლი 143/1); არასრულწლოვანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი (მუხლი 143/2); მძევლად ხელში ჩაგდება (მუხლი 144); წამება (მუხლი 144/1); წამების მუქარა (მუხლი 144/2); დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 144/3); უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება (მუხლი 223); “ქურდული სამყაროს“ წევრობა, “კანონიერი ქურდობა“ (მუხლი 223/1); “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა (მუხლი 223/2); “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა (მუხლი 223/3); “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება (მუხლი 223/4); ბანდიტიზმი (მუხლი 224); რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა (მუხლი 224/1); ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა (მუხლი 230); ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება (მუხლი 231); ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ან გამოყენების მუქარა (მუხლი 231/2); ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება (მუხლი 232); საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი (მუხლი 234); მასობრივი განადგურების იარაღის, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი (მუხლი 235); “ქიმიური იარაღის შესახებ“ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა, განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა (მუხლი 235/1); არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში (მუხლი 255/1). ეს ასევე შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებულ “სისხლის სამართლის კოდექსის“ რიგ მუხლებს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავს, ტერორიზმის თავით განსაზღვრულ დანაშაულებსა და მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ტარდება, კანონის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, შეიძლება იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, თუ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის ინიციატორების შეფასებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არათანმიმდევრული და ალოგიკურია. მათი განმარტებით, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება იმას არ ნიშნავს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ავტომატურად მიზანშეწონილია.
“სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაძლებელია ისეთი ახალი გარემოება გამოვლინდეს, რომელიც შესაძლოა არამხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მიზანშეუწონელი იყო, არამედ აღნიშნული ახალი გარემოება შესაძლებელია ასევე გახდეს იმის საფუძველი, რომ თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდეს, როგორც ამას “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამჟამად მოქმედი 108-ე მუხლი ითვალისწინებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ კი არ წარმოიშობოდეს, არამედ აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ.
საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის ან ჯგუფურად ჩადენის შემთხვევებში, რომლის დროსაც, თავისი კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, ახალი გარემოების მოგვიანებით გამოვლენის ალბათობა გაცილებით მაღალია.
ხაზგასასმელია, რომ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 143/9 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ყველა სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის, სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ ამ ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება არა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა.
ზემოაღნიშნული არათანმიმდევრულობისა და ალოგიკურობის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ერთიანი წესი დადგინდეს და განისაზღვროს, რომ როგორც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულთან დაკავშირებით, ისე ყველა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება პროკურორს არა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშობა“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
