ირაკლი კობახიძე საუბრობს “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივაზე, რომლითაც შსს-ში სპეციალური სამმართველო იქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში “სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება”.
“პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ მცდელობებს, ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა” – ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, როგორი იქნება აღსრულება, კობახიძე ამბობს:
“სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება მას გაუზიარონ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის საფუძველზეც შეიძლება წამოიწყოს კონკრეტული საფუძვლები.
კანონმდებლობა უკვე დადგენილია. არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, შესაბამისი სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური” – თქვა კობახიძემ.
გუშინ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება.
