კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 16 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო.
დელეგაციაში შედიოდნენ თიატირის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსვინგელოსი იერონიმე.
დელეგაციის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ისაუბრა და ნუგეშისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
