“ქართულ ოცნებას” “მაუწყებლის შესახებ” კანონში ისევ ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.
პროექტი შოთა ბერეკაშვილის, არჩილ გორდულაძის, ანტონ ობოლაშვილისა და გიორგი ბარვენაშვილის ავტორობით მომზადდა.
გამოცემის ცნობით, პროექტი პირობითად სამ საკითხს ეხება:
სპეციალიზებულ მაუწყებლებს დაფინანსების მიღების შეზღუდვა ეხსნებათ
წარმოდგენილი ცვლილებებით, მაუწყებლის მიერ „უცხოური ძალისგან” პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ მაუწყებლებს, რომელებიც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით (სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობენ. შესაბამისად, კანონში, ცვლილებების მიღების შემდეგ, ამგვარი ჩანაწერი იქნება:
„აკრძალულია მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა) მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა,).
ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა) მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა,) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება,” – ვკითხულობთ პროექტში.
გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც შესაძლოა, არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს.
კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს:
- ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ,
- მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თაობაზე,
- აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია,
- ასევე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება)”, – წერია პროექტში.
ცვლილებების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის კომისიისთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
„აკრძალული” დაფინანსების ბიუჯეტში ჩარიცხვა
კანონპროექტით ასევე დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მექანიზმი.
კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული უკანონო დაფინანსების მიღება – გამოიწვევს კომისიის მიერ მაუწყებლისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად ამ დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.
