“საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა!” – თბილისში, 23 მაისს, 19:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტამდე ტრადიციული შაბათის მარში გაიმართება.
“ეს მარში იქნება შეხსენება 26 მაისის მასშტაბური აქციის წინ, რომ დამოუკიდებლობას ყოველდღე სჭირდება დაცვა” – აღნიშნულია განცხადებაში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
108 წლის წინ ისევ ვირწმუნეთ, რომ ერთი ხალხი ვართ და ერთი საქართველო გვაქვს. ამ დღეს საუკუნის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ ქართველმა ერმა და ერთხმად, საქართველოს ხალხის სახელით გამოვაცხადეთ – ,,საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა!”
ეს იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ხელახლა დაბადებისა და ქართველი ხალხის მიერ მომავალი საქართველოს აშენების ერთმანეთისთვის მიცემული პირობა.
მართალია, მალევე თავს დაგვატყდა რუსული ოკუპაცია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა არსად გამქრალა. ჩვენ ბრძოლა არასოდეს შეგვიწყვეტია და სწორედ ამ დღის დიდებულებით შთაგონებული ერი, 70 წლიანი რუსული ბატონობის შემდეგ კვლავ ვიბრუნებთ დამოუკიდებლიბასა და თავისუფლებას.
თუმცა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მერაბ კოსტავას სიტყვები: “დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ, იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!“
… და ეს ბრძოლა გრძელდება.
ამიტომ, 23 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბებით ფილარმონიასთან და ტრადიციული შაბათის მარშით დავიძრებით პარლამენტისკენ. ეს მარში იქნება შეხსენება 26 მაისის მასშტაბური აქციის წინ, რომ დამოუკიდებლობას ყოველდღე სჭირდება დაცვა,” – წერია განცხადებაში.
