მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც მინისტრების მოადგილეები და თვითმმართველი ქალაქების მერების მოადგილეები პრემიებსა და დანამატებს მიიღებენ.
კანონპროექტის მიხედვით, მინისტრებსა და მერებს მიეცემათ შესაძლებლობა მოადგილის მიერ გაწეული სამუშაო, ასევე ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა დამატებითი პრემიებით და დანამატებით აანაზღაურონ.
“კანონით დადგენილი ზღვრები, რომელიც გულისხმობს სახელფასო დანამატის შემთხვევაში წლიური სარგოს 20%-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს და ფულადი ჯილდოს შემთხვევაში რომ არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ეს, რასაკვირველია, შენარჩუნებული იქნება” | თქვა ბაჩიაშვილმა.
2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი წლიურად 139,200 ლარია, შესაბამისად მოადგილეებს დამატებით 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ. [BM. GE]
ქართული ოცნების კანონპროექტით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თანამდებობის პირები არიან: – მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.
მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.
