„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ კუმისში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. მოქალაქეები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, სოფელში წლების განმავლობაში გადაუჭრელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, დასახლებას არ მიეწოდება სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და კვლავ მოუგვარებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის შეძენა ან შორეული ადგილებიდან მისი მოტანა უწევს.
პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს გზების მდგომარეობა — დაზიანებული გზის გამო გადაადგილება, ადგილობრივთა თქმით, პრაქტიკულად მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. მოსახლეობა შესაბამის უწყებებს პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.
“გზა ჩვენ არ გვაქვს, სასმელი წყალი არ გვაქვს, სარწყავი არ გვაქვს. ყოველთვის გვპირდებიან, წლის ბოლოს გექნებათ ყველაფერიო და ასე გავიდა 20 წელი. შემთხვევები იყო, სასწრაფო ვერ მოვიდა და კაცი რომ ცუდად გახდა, დასვეს “ტაჩკაზე”, სანამ მიიყვანეს სასწრაფომდე, კაცი მოკვდა” – ამბობს ადგილობრივი.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ სოფლის 2 ათასამდე მოქალაქე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული.
წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ჯერ ერთი, სოფელი გაყოფილია ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ეკუთვნის გარდაბნის მუნიციპალიტეტს, მეორე ეკუთვნის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს. სოფელში, სადაც ცხოვრობს 2 ათასი ადამიანი, არის მინიმალისტურად ინფრასტრიქტურის არარსებობის პირობებში ტურისტული ადგილი, სათევზაო სივრცეები, არ არის არც წყალი, არც გაზი, არც გზა. არის ელექტროენერგია, რომელიც ძალიან ხშირად ითიშება. აქ მცხოვრები საქართველოს 2 ათასი მოქალაქე არის მიტოვებული” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
