იმდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გაშვებული ციხეში არაფრის გამო, რომ სამი დღე რა მოსატანია, – ასე გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილისთვის შეფარდებულ 3-დღიან პატიმრობას მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.
როგორც მან “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ ჩართვის დროს განაცხადა, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ ისეთი სიტყვა თქვა, რომ საქმე სრულიად გააცამტვერა.
მიშველაძის თქმით, მათ არ გაჰკვირვებიათ მოსამართლსი გადაწყვეტილება და პირიქით, მზად იყვნენ ამ განაჩენისთვის.
ისეთი უსამართლო გადაწყვეტილებები აქვს ამ სასამართლოს და მოსამართლეს მიღებული, იმდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გაშვებული ციხეში არაფრის გამო, რომ სამი დღე რა მოსატანია. ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის, ვიცოდით, რომ პატიმრობა იქნებოდა ყველა შემთხვევაში და ამიტომ არ გაგვკვირვებია.
უბრალოდ, ყველაზე ცუდია ამ უსამართლობის განცდა. რომ ყოფილიყავით სხდომაზე და მოგესმინათ ადვოკატისთვის, ბუკას სიტყვისთვის, იმ ე.წ. პოლიციელისთვის, ე.წ. მოსამართლისთვის, მიხვდებოდით, რომ სრულიად გააცამტვერა ირაკლი აბესაძემ [ადვოკატი] ეს საქმე.
სამართლიან და ნორმალურ ქვეყანაში, ბუკას ბორკილები არ უნდა ედოს და სასამართლო სხდომიდან არ უნდა გაექანებინათ სადღაც, ჯერ არ ვიცით, სად.
ასეთი უსამართლობა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს, – განაცხადა მიშველაძემ.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს 3 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. მას შსს 17 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.
