ფასების კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა მთავრობას და ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად არ გადაეგზავნებათ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
104-გვერდიანი დოკუმენტი სესიაზე უნდა გასულიყო და დაემტკიცებინათ, თუმცა შალვა პაპუაშვილის თქმით, პლენალურ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის. მისი განმარტებით, დასკვნა ისედაც საჯაროა და მთავრობისთვის გადაგზავნას არ საჭიროებს.
“რაც შეეხება ანგარიშს, ანგარიში გადაეცა ბიუროს და წინა ერთ-ერთ ბიუროზე ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენალურ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო, მე მგონი, ჩართული იყო მთელი ქვეყანა მედიის, მოსახლეობის და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით. ასე რომ ყველა მიგნება და ყველა დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც.
გადაგზავნა, ისედაც საჯარო დოკუმენტია, გამოქვეყნდა, ითვლება, რომ ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას.
დიახ, გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო რაღაც პროდუქტზე ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტების სახეობის, რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე მწარმოებლისა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტი რომ სესიაზე არ გავა, ამას ადასტურებს “ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილიც. მისი თქმით, ფასებთან დაკავშირებით, ის უფრო მკაფიო და ქმედით მიდგომებს ისურვებდა.
“სესიაზე არ გავა. პროცედურულად არ არის აუცილებელი. ნუ ახლა თუ შოთა ბერეკაშვილს მიაჩნია, რომ სესიაზეც უნდა გავიდეს, მაგრამ პროცედურულად აუცილებელი არ არის. მე კმაყოფილი იმიტომ არ ვიყავი, რომ მე მინდოდა ყოფილიყო უფრო მკაფიო, უფრო ქმედითი მიდგომები. შედეგები გაცილებით მეტი გვინდა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შედეგი იქნება ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება,” – ამბობს ეკა სეფაშვილი.
კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მანამდე მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავიდოდა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემოდა.
შოთა ბერეკაშილმა, დღეს, “ტვ პირველის” კითხვებს არ უპასუხა.
1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
