გიორგი დანელიას ქუჩაზე კლდის დიდი მასა დღის პირველ საათზე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მძღოლი შემთხვევას სასწაულით გადაურჩა. ამ კლდის თავზე არსებული საცხოვრებელი სახლები ახლა ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა, ამიტომ მოსახლეობის ევაკუირება გახდა საჭირო. ადგილზე კლდის ჩამოშლა ამ დრომდე გრძელდება.
კლდის ჩამოშლა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა. აქ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს კომპანია “იდეა დეველოპმენტი” აშენებს. მოსახლეობის მტკიცებით, საცხოვრებელ სახლებს ძირი გამოუთხარეს. არადა არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობების წარმოება დაუშვებელია და მეწყერული პროცესების განვითარებას გამოიწვევს.
ვის დგას ამ მშენებლობის უკან? დოკუმენტების მიხედვით, ერთ ერთი საბოლოო ბენეფიციარი და 50%- იანი წილის მფლობელი დავით ფოცხვერიაა. ფოცხვერია რუსეთში სამხედრო დაზვერვის უფროსი მოადგილის, ვლადიმერ ალექსეევის შვილთანაა დაკაშირებული.
2025 წლის ზაფხულამდე ფოცხვერია რუსეთში კომაპნია „სდო ენერგოს“ ფლობდა რუსი გენერლის შვილთან ერთად. ის ყულევის ტერმინალის მფლობელის ნათესავია.
დღის ბოლოს მერიამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ “იდეა პანორამას” პროექტი გაჩერებულია.
