Monday, May 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

May 11, 2026
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დროის გასვლის შემდეგ, ბრალი წაუყენოს მხოლოდ 5 მოძალადე პოლიციელს, მცირედადაც არ უპასუხებს 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და სისასტიკეს ,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „პროკურატურის განცხადება ასახავს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა განზრახვასა და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, თავი აარიდოს დანაშაულის ადეკვატურ შეფასებას, დანაშაულის სრულად გამოძიებას და დანაშაულის ყველა მონაწილის – ამსრულებელი იქნება, ორგანიზატორი, წამქეზებელი თუ დამხმარე – მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას“.

„2026 წლის 7 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წელს თბილისში მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის თქმით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის“, ჩადენილს „ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“, „რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის, რომელიც ჩადენილია „ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.“ ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

მიგვაჩნია, რომ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წელიწადნახევრიდან ორ წლამდე დროის გასვლის შემდეგ, ბრალი წაუყენოს მხოლოდ 5 მოძალადე პოლიციელს, მცირედადაც არ უპასუხებს 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და სისასტიკეს, აგრეთვე დანაშაულებრივ მიზანს, რომელსაც ეს დანაშაულებრივი აქტები ემსახურებოდა. პროკურატურის განცხადება ასახავს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა განზრახვასა და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, თავი აარიდოს დანაშაულის ადექვატურ შეფასებას, დანაშაულის სრულად გამოძიებას და დანაშაულის ყველა მონაწილის – ამსრულებელი იქნება, ორგანიზატორი, წამქეზებელი თუ დამხმარე – მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად ასპექტებს, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ასეთი შეფასება: ბრალდება წარედგინა მხოლოდ მასობრივი ძალადობის 5 მონაწილეს.

საქართველოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი ანგარიში და სხვა პუბლიკაცია, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, და ბოლოს, სულ ახლახან მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთხმად მიუთითებენ, რომ როგორც 2024 წლის გაზაფხულზე, ისე იმავე წლის ნოემბერში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფების, განსაკუთრებით, გდდ-ის ნიღბიანი და ჩაფხუტიანი წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობა მხოლოდ ცალკეულ, იზოლირებულ შემთხვევებში კი არ გამოვლინდა, არამედ მას ჰქონდა ფართომასშტაბიანი, სისტემატური და სისტემური ხასიათი. დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, მათთან ანგარიშსწორება ათასობით აქციის მშვიდობიანი მონაწილის თვალწინ, ხშირად პირდაპირ სატელევიზიო კამერების წინ ხორციელდებოდა. მასში მონაწილეობდა ასობით და, შესაძლოა, ათასობით პოლიციელი. ძალადობის მსხვერპლი გახდა ასობით პროტესტის მონაწილე და ჟურნალისტი, რომლებიც სასტიკად, ჯგუფურად იყვნენ ნაცემი, მათ შორის, ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასზე მეტი პირი მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ასეთ მასშტაბურ დანაშაულს მხოლოდ 5 პირი ვერ ჩაიდენდა. გარდა ამისა, როგორც გურამ როგავა და მისი კოლეგა, ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი აცხადებენ, 5 ბრალდებულს შორის არ არის ის პირი, რომელიც, მათივე წყაროების თანახმად, თავს დაესხა გურამ როგავას და მძიმე დაზიანება მიაყენა თავის და კისრის არეში.

ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ პროკურატურა კვლავ უმოქმედობას იჩენს და ამით ხელს აფარებს ასეულობით და, შესაძლოა, ათასობით სხვა შსს-ს თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობდა 2024 წლის განმავლობაში ჩადენილ ასობით დანაშაულებრივ აქტში ამსრულებლის, ორგანიზატორის, წამქეზებლის ან დამხმარის სახით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, დანაშაულის კვალიფიკაცია აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ბუნებას, მასშტაბს, ხერხს და სხვა მახასიათებლებს

„ბრალდება, რომელიც წარედგინა 5 პირს, წარმოადგენს სსკ-ის „სამოხელეო დანაშაულის“ თავში (თავი XXXIX) განთავსებულ დანაშაულს. როგორც აღინიშნა, ერთ მათგანს ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოც წარედგინა. მაშასადამე, გენერალური პროკურორის და, მთლიანად, პროკურატურის თვალსაზრისით, ადამიანისთვის თავში რაღაც საგნის ჩარტყმა, წაქცეულის მთელი ძალით სახეში ფეხით ცემა და სიცოცხლისათვის საშიში სხვა ამგვარი ძალადობრივი მოქმედება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა დანაშაული, რომელსაც მოხელე თავის კაბინეტში ან სხვა ადგილას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სჩადის.

სინამდვილეში, ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი ძალადობრივი მოქმედება, უპირველეს ყოვლისა, არის დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (თავი XX). კერძოდ, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას და ბევრ სხვა შემთხვევაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ (ხულიგნური ქვენა გრძნობით), „ლ“ (ჯგუფურად), „მ“ (ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ), „ნ“ (განსაკუთრებული სისასტიკით), ან/და „ო“ (ანგარებით ან შეკვეთით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობის ნიშნები. რომელიმე ასეთი ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 13-წლამდე ვადით.

გარდა ამისა, როგორც მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის მიერ იქნა აღნიშნული და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებშიც არის ფართოდ ახსნილი, ამ ქმედებებში ასევე იკვეთება წამების ნიშნებიც, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში – მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ (სსკ 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმავე მუხლის იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, არაერთგზის იმავე მუხლის იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ორი ან მეტი პირის მიმართ იმავე მუხლის იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი), ჯგუფურად (იმავე მუხლის იმავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო (იმავე მუხლის იმავე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი), შეკვეთით (იმავე მუხლის იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი), ან/და ანგარებით (იმავე მუხლის იმავე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი). ასეთი ქმედებისათვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე ვადით.

სრულიად აშკარაა, რომ პროკურატურა განზრახ არასწორ კვალიფიკაციას აძლევს ჩადენილ დანაშაულებს, რათა იმ რამდენიმე პირსაც კი, რომლის იდენტიფიკაციაც „მოხერხდა“, მათ მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროებასთან შედარებით ბევრად უფრო ლმობიერი სასჯელი დაეკისროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირების „სირთულე“ ან „შეუძლებლობა“ მათივე პასუხისმგებლობის ნაწილია, ვინც ამ სასტიკი დარბევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ისინი დაგეგმა და ამ გეგმების აღსრულების შესახებ ბრძანებები გასცა.

ბრალდება წარდგენილ იქნა დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წლინახევრის ან სულაც ორი წლის შემდეგ

ნიშანდობლივია, პროკურატურამ 5 პირს ბრალი წაუყენა მხოლოდ ახლა, როდესაც დანაშაულის ჩადენის დროიდან გასულია წელიწად-ნახევარი, ხოლო ერთ შემთხვევაში 2 წელიც კი. პროკურატურა, ისევე, როგორც სხვა სამართალდამცავი ორგანოები და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას გამუდმებით, დამნაშავე პირების იდენტიფიკაციის შეუძლებლობას მიაწერს.

თუმცა, ყველასათვის გასაგებია, რომ ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების შენიღბულობა, ტანსაცმელსა თუ ჩაფხუტებზე რაიმე გარეგანი ამოსაცნობი ნიშნების უქონლობა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო, რათა „ინკოგნიტო“ მდგომარეობაში დამნაშავეებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავიანთი სადამსჯელო ოპერაციების წარმოებისას უფრო თამამად, თავისუფლად, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წინაშე შიშის გარეშე ემოქმედათ.

შესაბამისად, იდენტიფიცირების „სირთულე“ ან „შეუძლებლობა“ მათივე პასუხისმგებლობის ნაწილია, ვინც ამ სასტიკი დარბევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ისინი დაგეგმა და ამ გეგმების აღსრულების შესახებ ბრძანებები გასცა.

ამ პირების ვინაობა ცნობილია და ისინი იდენტიფიცირებულები არიან. ესენი არიან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რომელთა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ისინი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა.

თუმცა, პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ შსს-ს ხელმძღვანელობით ვერ ამოიწურება. მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ძალაუფლების ვერტიკალში თანამდებობაზე დანიშვნისა და მისი შენარჩუნების ძირითადი ფაქტორი ზემდგომის, კანონიერი თუ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივი მითითებების უსიტყვო და უპირობო შესრულებაა, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ შსს-ს ხელმძღვანელობა დარბევის შესახებ რაიმე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მითითებების გარეშე მიიღებდა. შსს-ს ხელმძღვანელობა ვერასდროს გაბედავდა სამოქალაქო პროტესტის ესოდენ სასტიკი მეთოდებით ჩახშობას, მას რომ არ ჰქონოდა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისგან დაუსჯელობის მყარი გარანტიები. თავის მხრივ, რიგითი სპეცრაზმელებიც ვერასდროს მისცემდნენ თავს უფლებას, საჯაროდ, ღიად ემოქმედათ, როგორც დანაშაულებრივი ბრძანებების ამსრულებლებს.

სწორედ ასეთი გარანტიების ამსახველია ე.წ. პრემიერმინისტრის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში პროტესტების მართვა იმაზე “მაღალი სტანდარტით” ხორციელდება, ვიდრე ეს აშშ-სა და ევროპაში ხდება. ამავე გარანტიებს შეესაბამება სულ ბოლო დრომდე “ქართული ოცნების” მესვეურების მხრიდან სისტემატური უარყოფა იმისა, რომ პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ოდესმე რაიმე “გადაცდომა”, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულზე, იქნა დაშვებული. ასეთივე გარანტიების მტკიცებულებას წარმოადგენს შსს-ს მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელებისათვის გამუდმებული მადლობების გადახდა, მათი ღირსების ორდენით დაჯილდოება. დაბოლოს, ამასვე ადასტურებს თავად გდდ-ს ყოფილი უფროსის, ხარაზიშვილის საჯარო განცხადებებიც, რომ მისი არც ერთი თანამშრომელი არ დაისჯებოდა.

თუმცა, შსს-ს 5 თანამშრომლის მიმართ “ქართული ოცნების” რეჟიმს გარანტიების დარღვევა მაინც მოუხდა. ეს არის შედეგი საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა, ქართული კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევებისა, აგრეთვე, მათ მიმართ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რაც საბოლოო ჯამში, სრულყოფილად იქნა ასახული მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის დასკვნაში.

ზემოთქმულის ჭრილში, “ქართული ოცნების” იძულებითი ნაბიჯი, ეღიარებინა ის, რომ თუნდაც 5 პოლიციელის მიერ, თუნდაც პროტესტის სამი მონაწილის მიმართ, დანაშაული იქნა ჩადენილი, ერთი მხრივ, არის ფარსი და მართლმსაჯულების კარიკატურა, მაგრამ, მეორე მხრივ, უთუოდ არის საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც წარმატება და საწინდარი იმისა, რომ თავის დროზე “ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ თავისი ხალხის, საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი აქტები სრულად და ბოლომდე იქნება გამოძიებული და, რომ მათ გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, როგორც ამ სისტემური დანაშაულის ყველა ამსრულებელი, ისე მისი ყველა ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რიგგარეშე არჩევნები იქნება” – ნიკა გვარამია
  • ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერება დაადასტურა და დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა
  • კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge