დაზარალებული ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე იმ სპეცრაზმელებს შეხვდა, ვინც რამდენიმე დღის წინ, მისი სასტიკად ცემის ბრალდებით დააკავეს.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ ორივე მათგანმა დღეს ბოდიში მოუხადა.
“ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. არ მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი, ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა, თუმცა, ერთი იყო, რომელმაც მოახერხა და ეყო გამბედაობა, ჩაეხედა ჩემთვის თვალებში, რის გამოც, უფრო მეტად ვაფასებ ამ ადამიანს, რომელიც ზურგით იდგა და არც კი შემოუხედავს, თავისთვის ჩაიბურტყუნა, რომ ბოდიშს იხდიდა”- თქვა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირებს – გდდ-ს ყოფილ 3 თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
საქმეს გრიფი ადევს, ამიტომაც სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
