წარმოუდგენელია, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ევროკავშირის კრიტიკით და ლანძღვით – ამის შესახებ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ “პირველებს” განუცხადა.
დობორჯგინიძე ექსპო-ჯორჯიაში ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრება. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროსთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და სწორედ ევროპული პროგრამების დამსახურებაა, რომ ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.
“ეს იყო ლიბერალური მსოფლიოს გამარჯვება იმაზე, რომ ახირებული ადამიანები თავიანთი ხუშტურებით ვეღარასოდეს ვერ შეცვლიან სამყაროს. აი ეს არის ეს თავისუფლება, ის ღირებულებითი ერთობა, რის გამოც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დღე. რაც შეეხება ევროკავშირს საქართველოსთვის, მე უმაღლესი განათლების სფეროს წარმოვადგენ და არ არსებობს მეორე ინსტიტუცია მთელი საუნივერსიტეტო ისტორიის განმავლობაში, რომელსაც იმდენი გაეკეთებინოს საუნივერსიტეტო განათლებისთვის, მეცნიერებისთვის, კვლევისთვის, სტუდენტებისთვის, სოფელს ვერ ნახავთ საქართველოში, საიდანაც სტუდენტი არ ყოფილა ამ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ და სრულიად წარმოუდგენელია, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ამ ევროკავშირის კრიტიკით და ლანძღვით”, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნება უწოდა. ევროკავშირზე იერიში მიიტანა შალვა პაპუაშვილმაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპო-ჯორჯიაში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე “ოცნებსი” არცერთი ლიერი არ გამოჩენილა.
