მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აქციაზე ძალოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები სისტემური ხასიათის არ იყო.
იგი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ძალადობრი აქციებს მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი ჰყავდა არა ბევრი.
მდინარაძემ ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ძალოვნები, რომლებსაც ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმა ედებათ ბრალად, საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და რომ ამთთვის დავალება არავის მიუცია.
“სისხლის სამართლის საქმეში არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბიც არ არის საიმისოდ, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ.
დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს. ჩვენ მაღალი თანამდებობის პირების დაკავების პრაქტიკა გვაქვს, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაილი სახეზეა. შესაბამისად, თუ ერთი მტკიცებულება მიანც იქნება, იმ ერთს ჩაეჭიდება გამოძიება და გაჰყვება. მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, პიარ კამპანიის საფუძელზე ამას ვერავინ გააკეთებს.
როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, რომ ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი. აქედან გამომდიანრე, ჩვენ მივყვებით რეალობას და არა პიარ კამპანიებს”, – აცხადებს მდინარაძე.
შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
