უმკაცრესად ვგმობთ TV იმედის, რუსთავი 2-ისა და Pos TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას… მოვუწოდებთ EU-ს, განიხილონ შესაბამისი ზომები, მათ შორის სანქციები – ნათქვამია საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელშიც შესწორება დარეგისტრირდა. ანგარიშის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენეა .
„უმკაცრესად გმობს იმედი TV-ის, რუსთავი 2-ისა და POST TV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა და არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები;
გმობს განმეორებით თავდასხმებს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებას და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით;
ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული მტრობის ორკესტრირება არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და საქართველოს იზოლაციას მისი ევროპული გზიდან; ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს;
მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თუ მსგავსი მტრული აქტივობები გაგრძელდება.
მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ამგვარი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის სტრუქტურებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი ზომები“ – ნათქვამია ანგარიშში, რომლის ტექსტსაც ფორმულა ავრცელებს.
