თბილისში, ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანს აჯარიმებენ, რაც წელიწადში 400 000 თბილისელია და 20 მილიონი ლარის შემოსავალი, რომელიც თბილისის ბიუჯეტში ხვდება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იფლანგება და კახა კალაძის პირად კეთილდღეობასა და კორუფციულ ინტერესებს ხმარდება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ მეტრო „დელისთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემებს შეეხებოდა.
მისი თქმით, 9 წლის წინ კახა კალაძე თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ თბილისში 12 ლოკაციაზე საპარკინგე სივრცეები მოეწყობოდა, თუმცა არ აშენებულა.
„2017 წლეს კახა კალაძე გვპირდებოდა, რომ დედაქალაქში 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურა აშენდებოდა და ჯამში 4000 ახალი პარკირების ადგილი შეიქმნებოდა. ამ მოტივით მან თბილისიდან კომპანია „სითი პარკი“ გააძევა, რომელიც თბილისელების აზრით, არაეფექტიანად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. თუმცა ამის შემდეგ 9 წელი გავიდა და არცერთ ლოკაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე უნდა აშენებულიყო, ასეთი ლოკაციები იყო, ასევე ვაკეში გეგეშიძის პარკი, ფილარმონია, „ისნისა“ და „ვარკეთილის“ მეტროები და სხვა ლოკაციები. 2017 წელს კახა კალაძე ქუჩაში დადიოდა და ვიდეო მიმართვებს წერდა და თბილისელებს მოუწოდებდა, რომ მისთვის ხმა მიეცათ, რათა პარკინგის პრობლემა მოეგვარებინა. თუმცა ერთადერთი რაც მან მოაგვარა, ეს მისი პირადი ფინანსური შემოსავლებია, როცა 10-ლარიანი პარკირების ჯარიმის ფასი, 50-ლარი გახადა.
დღეს, თბილისში, ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანს აჯარიმებენ, რაც წელიწადში 400 000 თბილისელია და 20 მილიონი ლარის შემოსავალი, რომელიც თბილისის ბიუჯეტში ხვდება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იფლანგება და კახა კალაძის პირად კეთილდღეობასა და კორუფციულ ინტერესებს ხმარდება“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
