ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” არ ამბობს, დაკითხა თუ არა აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ.
“რა სისულელეს ლაპარაკობ, გოგო. რა დროს ხაბეიშვილია” – უთხრა “ტვ პირველის” ჟურნალისტს გდდ-ის ყოფილმა უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ”.
დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაასახელა ის პირები, რომლებიც ენმ-ს თქმით, ლევან ხაბეიშვილის “გატაცებასა და წამებაში მონაწილეობდნენ” – სწორედ დასახელებულ პირებს შორის იყო “ხარება”. როგორც მარიამ დოლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის 30 აპრილს, ადგილზე, სადაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე ანგარიშსწორება ხორციელდებოდა, იმყოფებოდნენ “ხარება” და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე.
ასევე დასახელდა 4 ახალი გვარი – მათ შორის იყო მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი – დავით ყამარაული.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ისინი ყარამაულსაც დაუკავშირდნენ:
“მე რატომ უნდა გამოვკითხულიყავი? არა მე არ ვყოფილვარ, გეშლებათ” – უთხრა “ტვ პირველს” დავით ყამარაულმა.
ცნობისთვის, ანგარიშსწორებიდან მეორე დღეს, 2024 წლის პირველ მაისს ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში ეტლით მივიდა და თქვა: “ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო”.
