უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია ზუგდიდში, დავით ღოღაძე კი თელავში დაკრძალეს.
დავით ღოღაძე და ბაჩო ბებია სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენეს. გმირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. დავით ღოღაძე უკრაინაში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართული საბრძოლო ქვედანაყოფის “შავი არწივი” წევრი იყო. ამავე ქვედანაყოფიდან ღოღაძესთან ერთად ქართველი მებრძოლი ბესო ლომიძეც დაიღუპა. ორივე მათგანი ავდეევკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებს იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაღუპული თანამებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ფრონტის ხაზიდან გამოყვანას ცდილობდნენ. ღოღაძის გადმოსვენება 2 წლის შემდეგ მოხერხდა. ბაჩო ბებიას დაღუპვის შესახებ კი ინფორმაცია 21 აპრილს გავრცელდა. ბებია ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო.
