ამერიკის პრეზიდენტის დაცვა და ჩემი ყოფილი დაცვა ერთი და იგივე ხალხის გაწვრთნილი იყო, რადგან მაშინ ამერიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა. ორივე შემთხვევაში, იყო უშუალო საფრთხე და დაცვა მოიქცა ერთნაირად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმის მცდელობას ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არავინ საყვედურობს, თავად კი მრავალი წლის განმავლობაში სისხლს უშრობდნენ „გორში მიწაზე დაფორთხიალობდას“ ძახილით.
„ამერიკის პრეზიდენტის დაცვა და ჩემი ყოფილი დაცვა, ერთი და იმავე ხალხის გაწვრთნილი იყო, რადგან მაშინ ამერიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა. ორივე შემთხვევაში, იყო უშუალო საფრთხე და დაცვა მოიქცა ერთნაირად. ოღონდ თუ ტრამპს არავინ საყვედურობს ამას, მე მრავალი წლის განმავლობაში სისხლს მიშრობდნენ – „მიშა გორში მიწაზე დაფორთხიალობდას“ ძახილით. აი, ასე მუშაობს რუსული პროპაგანდა და ის დღეს იმეორებს ნარატივებს „არა მიშას ზოგიერთი საქციელი გაუგებარი და სასაცილო იყო“ არის ამ პროპაგანდის პირდაპირი მსხვერპლი.
რუსები თავის სამიზნეებს ყოველთვის აცხადებდნენ გიჟებად, უცნაურებად, მიუღებელი საქციელების მქონედ, რათა საზოგადოებაში გაეჩინათ ეჭვი, უნდობლობა, სიძულვილი. ქართული საზოგადოების ამ ზემოქმედების განკურნებას ივანიშვილის მოშორების შემდეგ კიდევ წლები დასჭირდება“,-წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, ვაშინგტონში, შაბათს საღამოს, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს თავდასხმა მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ თომას ალენს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ფედერალური მუხლით წაუყენეს.
