სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და სამთავრობო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში – დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ეს არის საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე. სხვა ყველაფერი არის სპეკულაციური. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა… სინამდვილეში არის ერთადერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის – მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრი არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. როდესაც ასეთ დროს პოლიტიკოსები თუ მედიის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ სამინისტრო არის სუსტად წარმოდგენილი, ეს უკვე მათ კომპეტენციაზე მოქმედებს. სინამდვილეში შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც არის აღჭურვილი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით და ეს არის სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია და ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, იმდენად მკაფიოა თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს ეს თანამდებობა და ეს კონკრეტული ამოცანა” – ამბობს ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე საუბრისას.
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსობიდან 21 აპრილს მოხსნეს. კობახიძემ მისთვის ახალი სამინისტროს შექმნა დააანონსა. შეიქმნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო. კანონპროექტი ბიუროს დღეს წარედგინება, შემდეგ კი განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა. მდინარაძე ასევე იქნება ვიცეპრემიერიც.
