პარლამენტთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები იკრიბებიან, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი ღამე გაათენეს. დედებს სურთ საკანონმდებლო ორგანოსთან მიხეილ სარჯველაძეს დახვდნენ, რომელიც იქ ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.
მშობლები, რომლებიც შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ითხოვენ, ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრისგან რაიმე მოლოდინი არ აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ სარჯველაძისგან მორიგ ჯერზე პროტესტის დისკრედიტაციის და მედიკამენტის გაშავების მცდელობას მოისმენენ.
ამასთან, მშობლები მიხეილ სარჯველაძეს ღია დებატებში იწვევენ.
“დიდად არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე საიმედოს იტყვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ ერთი და იგივე და როგორც ჩანს, ეს კაცი არ აპირებს, რომ შეცვალოს თავისი პოზიცია. სწირავს ჩვენს შვილებს, ფაქტობრივად, თუმცა არ მგონია, რომ ვინმეს საერთოდ აქვს იმის უფლება, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ამდენი ბავშვის ბედი გადაწყვიტოს. ეს არის საშინელება ამის დროში გაწელვა, ჩენს შვილებს ამ დროს ჰპარავენ, ფაქტობრივად. ალბათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რა საშინელ დაავადებას ვებრძვით ჩვენ. ადამიანმა ერთი საათით მაინც რომ შეხედოს ეს ბავშვები რას გადიან, მშობლები რას გადიან” – ამბობს პროტესტის მონაწილე.
