ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახური მნიშვნელოვნად განავითარა და უსაფრთხოების მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები გადადგა:
“ბატონი მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური და ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის მიმართულებით, როგორი ნაბიჯები გადადგა ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, გაჰქონდათ საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული, თბილისთან ახლოს. ესეთი ტემპით და ესეთი ხარისხით მე არა მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. […]
4 ოქტომბერთან დაკავშირებით რომ საუბრობთ, უნდა იამაყოთ, რომ ესეთ დონეზე ჩატარდა სუს-ის მხრიდან, შსს-ს მხრიდან და სდსს-ს მხრიდან. ეს ღონისძიება ჩატარდა იუველირული სიზუსტით, მაქსიმალური კოორდინაციით, მაგრამ ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი კოორდინაცია აუცილებელია, რომ იყოს ყოველდღიური და შესაბამისად, გარდა პოლიტიკაში შემობრუნებისა, ეს იქნება მამუკა მდინარაძის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ესეთი კოორდინაცია იყოს ჩვენ ძალოვან უწყებებს შორის” – თქვა ოცნების დეპუტატმა მაჭავარიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე [სტილი დაცულია].
