ალიანსში პროცესები რთულია – შექმნისთანავე იყო იმის საფრთხე, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, იმიტომ, რომ უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც იქ მოხვედრამდე გამარჯობას არ ეუბნებოდა ერთმანეთს, მაგრამ თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები რომლებიც იბრძვიან მომავლისთვის, არ შეიძლება მუდამ „წარსულში ჩაბრუნებული მზერით იყვნენ“.
„შევხედოთ, ჩემთვის სრულიად გაუგებარ, ურთიერთგაშავების კამპანიას ოპოზიციაში, მარტო ალიანსში არა, მაგრამ განსაკუთრებით ალიანსის მიმართ და არა მხოლოდ შიგნით, ვგულისხმობ, სხვების განცხადებებსაც და მეორე მხრივ, შევხედოთ პროტესტში რა ხდება – ურთიერთდაჭმა, ასევე. ასეთი რაღაცები, თან ასე ურთიერთდამთხვევით დროში და თითქმის თემებსა და მეთოდებშიც, არასდროს არ ხდება შემთხვევით. ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ მუდმივად. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნერვებისა და გულის მოფხანაა. ალიანსში პროცესები რთულია, მე კიდევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ არავის არ ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ახლა არ მგონია, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს, ეს არის ჩემი ამოცანა. მე არ მომიგონია ეს ალიანსი, მე რომ გამოვედი, დამხვდა იმ შემადგენლობით და იმ სურვილით, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ერთად. ალიანსის შექმნისთანავე იყო იმისი საფრთხე, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, იმიტომ, რომ უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც იქ მოხვედრამდე უბრალოდ გამარჯობას არ ეუბნებოდა ერთმანეთს, მაგრამ თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში, იმიტომ, რომ სხვა გზა ერთიანად ამ ქვეყნისა გამოყვანისა ამ პრობლემიდან უბრალოდ არ არსებობს. ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენს კოალიციას აბრალებდნენ თითქოს 2024-ში არ შედგა ერთობა. აი, ეს რომ მომხდარიყო წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორი საარჩევნო კოლაფსი იქნებოდა, ყველამ იფიქროს ამაზე“, – განაცხადა გვარამიამ.
