პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მამუკა მდინარაძისთვის სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
მდინარაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე ნებაყოფლობითი განცხადების საფუძველზე უწყდება. მდინარაძის განცხადება პარლამენტს წერილობითი ფორმით წარედგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა სუს-ის უფროსი თანამდებობიდან ვადაზე ადრე ნებაყოფლობით მიდის, საკითხს თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იხილავს და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს.
კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მდინარაძის გადადგომის განცხადების ნამდვილობა დაადასტურა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა, რასაც პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში სუს-ის ახალი უფროსის არჩევის საკითხი დადგება, რა თანამდებობაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.
„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამუკა მდინარაძე ამ პოზიციაზე ძალიან ეფექტური იყო. სულ რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად ზღვა სამუშაო განხორციელდა. უამრავი რეფორმა ჩატარდა და უამრავი მიმართულებით შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებელ რგოლში ძალოვან უწყებებს შორის მაკოორდინირებლის ფუნქციის გაჩენა. ალბათ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა უკონკურენტოა. ეს მოცემულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კვირას პარლამენტში ამ საკითხებთან დაკავშირებით მოგვიწევს მუშაობს. შესაბამის კანონპროექტს, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს დაჩქარებული წესით განვიხილავთ“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით ირჩევს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დგება. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.
ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცეს.
2026 წლის 21 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კი ძალოვან უწყებებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაიკავებს, ხოლო სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება.
ასეთი თანამდებობა მთავრობის სტრუქტურაში ამჟამად არ არსებობს. შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება და მთავრობის შემადგენლობას “სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“-ის პოზიცია დაემატება.
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე დასახელებული გელა გელაძე შს მინისტრის თანამდებობაზეც აჭარის მთავრობის მეთაურმა სულხან თამაზაშვილმა შეცვალა.
