“ხალხის ძალაში” ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციებს მართავენ, დაუჭირონ თუ არა მხარი მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა, მისი გუნდი პარალელურად კონსულტაციებს გადის “ქართულ ოცნებასთან”.
“ხალხის ძალას” ვერავინ ასწავლის რა გამოწვევებია ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. პირველ ხაზზე ვიყავით და ვართ ყოველთვის, აი ამ უცხოური ძალების შემოტევებისგან. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის კონსულტაციები რაც ჩვენ გვაქვს ჯერ შიგნით და პარალელურად გვაქვს ქართულ ოცნებასთან გამომდინარე ამ საკადრო ცვლილებებისგან. ვერ გეტყვით იქ რა საუბარი მიდის – კონსულტაციები იმიტომ არის, რომ ორი პოლიტიკური ფრაქცია რაღაცაზე თანხმდება. [რა არის შესათანხმებელი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით? – ჟურნალისტი] დავუჭერთ თუ არა მხარს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს თუ არა, ამას ჩვენ ვნახავთ. საკადრო ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, იმიტომ რომ ახალი სამინისტრო ემატება. იცით როგორი წესით იხილება, როცა კანონში ცვლილებები შედის – სჭირდება გამოსვლები, სჭირდება მხარდაჭერა, კენჭისყრა და ასე შემდგომ”- თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტი მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს დღეიდან იწყებს. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო იქმნება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კანონის პროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა.
მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა – მისი თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ასევე იქნება საქართველოს ვიცე-პრემიერი.
იმავე ბრიფინგზე განხა ცნობილი, რომ იცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა (გეკა) გელაძეს შეცვლის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.
