თუ ამ სიტყვების მერე თავისუფალი ვარ, იქით გადავჯდები , – ასე მიმართა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლოში ვრცელი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
მას შემდეგ, რაც ბურჭულაძეს მოსამართლემ უთხრა, რომ თავისი სიტყვა ეთქვა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ვერ გაიგო, თუ რას ედავებიან.
“ე.ი. არ მიშვებთ ჯერ არა? ბატონო მოსამართლევ, როგორც მესმის, სასამართლო პროცესის ერთი-ერთი მიზანია, ის ადამიანი მიხვდეს, რა დააშავა, რისთვის სამართლდება და რისთვის ისჯება. დღესაც ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ორ დიდ, პატიოსან, სიმართლისმოყვარე პროკურორს ჩემგან, სხვათა შორის, ის ქალბატონი [პროკურორი] რომ არ არის, ეშხი დაკარგა ბრალდების მხარემ.
მე მოვიწვიე სახალხო კრება და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არცერთი პოლიტიკური პარტია. თუმცა, მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეროვნულ კრებაზე ასობით ათასმა ადამიანმა ერთხმად მისცა ხმა დეკლარაციას, რომლის შინაარსსაც კარგად იცნობთ.
ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით ბატონო მოსამართლევ, რომ ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება, სადაც მოქალაქეებმა აუცილებელი ცვლილებების სურვილი გამოხატეს.
მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, რომელსაც ისინი ახლა ავლენენ.
იმის ნაცვლად, რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე, რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს, ისინი დუმან და “ქართულ ოცნებას” საშუალებას აძლევენ, რომ მთელი ყურადღება ეროვნული კრებიდან გადატანილი იქნას მოყანყალებულ, არავისთვის საჭირო რკინის ღობეზე. ამაში მას ეხმარება ვითომ ოპოზიციურო პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში და საკუთარი წარუმატებლობა და უსუურობა ეროვნულ კრებას დააბრალა.
ბატონო პოლიტიკოსებო, ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს მკაფიოდ და ხმამაღლა გამოაცხადა თავისი ნება და მის აღსრულებას ელოდება თქვენგან. იმის დასტური, რომ 4 ოქტომბერი იყო წარმატებული, არის ის, რომ მას შემდეგ დაშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” ტროტუარზე დომაც კი აგრძალა. ბატონო მოსამართლე, მე ძალიან ვამაყობ ამ დღით, იქ მდგომი ადამიანებით და ველოდები სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართველმა ხალხმა და
პირადად მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორები ვართ ორნი – მე და “ქართული ოცნება”. და რომ არა “ქართული ოცნება”, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი და არც იქნებოდა საჭირო 4 ოქტომბრის კრების ჩატარებას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
