2025 წელს 1080 ხანდაზმული ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი – ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი.
22 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ- “ამავე დროს, საინტერესოა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცთა რაოდენობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხანდაზმული ქალები ძალადობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან”.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს – 1158. კვლევის თანახმად ძალადობის მსხვერპლი გახდა 860 ხანდაზმული ქალი. კაცების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 298 იყო.
2021 წელს კი ქალებშიც და მამაკაცებშიც, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იკვეთება.
„ხოლო, ბოლო წლებში, გაზრდილია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქალ მსხვერპლებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სახეები“ – წერს ომბუდსმენი.
