ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. როგორც დაცვის მხარე ამბობს, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა.
ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ვიდეო-ჩანაწერები, რომელიც პროკურატურას აქვს საქმეში წარმოდგენილი არაფერს არ ამტკიცებს, რადგან ნიღბის მოხსნის მომენტში კადრი წყდება.
“არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ კონკრეტულად იმ დღეს, 29 ნოემბერს ჩადენილია ტერორისტული აქტი და არც ის არ დგინდება, რომ ეს ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს – ნიღბის მოხსნის მომენტში წყდება კადრი. მტკიცებულებები რაც დევს საქმეში, ექსპერტიზის დასკვნები მაგალითად, აი მაგალითად რომ ფეხსაცმელში შუშაა ნაპოვნი – უყურეთ რა არ ის მნიშვნელოვანი ტანსაცმელში და ფეხსაცმელში შუშის რაღაცა ნაწილაკი თუ ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც განზრახ არის წაშლილი და ამოჭრილი?” – ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
საქმის პროკურორი კი ირწმუნება, რომ ვიდეო-ჩანაწერები საქმეში სწორედ ის მტკიცებულებაა, რომელიც ალეკო ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს.
დღეს ანი ხუბეჯაშვილს კითხვა დაუსვეს, შეიძლება თუ არა 3 ლიტრი ბენზინით ტერორისტული აქტის განხორციელება, რაზეც პროკურორი ირწმუნებოდა, რომ ერთმა წვეთმა ბენზინმაც კი შეიძლება შეუქმნას საფრთხე, როგორც დაწესებულებას, ისე ხალხს.
“ერთი წვეთი ბენზინიც კი შეიძლება გამხდარიყო იმ ტიპის აალების საფუძველი, რომ საფრთხის შექმნოდა არა მხოლოდ სასამართლო შენობას, არამედ იქ მყოფ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს.
პირის ბრალდება ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამ შემთხვევაში ყველაზე ნათელი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და ჩანაწერების თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედება ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდებოდა მხოლოდ ნივთის დაზიანებად”, – აცახდებს პროკურორი.
ხმაურიანი განხილვები ტერაქტის მომზადების საქმეზე მაისში გაგრძელდება.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
