ორი წელია იმ უფლისწულმა ვერ დაინახა აქ რომ ხალხს ჩაგრავენ? – ასე ეხმიანება ალეკო ელისაშვილი ცოტნე ივანიშვილის მიერ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს რუსეთის მარცხს ფრონტის ხაზზე, პოლიტიკას ცვლის და სწორედ ამას უკავშრდება ცოტნე ივანიშვილის განცხადებებიც – “ცოტნე ივანიშვილს დიალოგი ახლა გაახსენდა და აკაცუკი რომ მიუღებელია ახლა დაინახა?”
ელისაშვილმა განსასჯელის სკამიდან ისაუბრა პროევროპულ აქციებზე დაკავებულებზეც და თქვა, რომ მზია ამაღლობელი, დაკავებული ქალი ჟურნალისტი მოსიარულე ისტორია და ლეგენდაა.
მისი თქმით, სწორედ მზიას მსგავს და იმ ახალგაზრდა ბიჭების მსგავს ადამიანებზე დგას საქართველო, რომლებიც ახლა ციხეში არიან, ვერ გატეხეს და ციხის კედლებიდან აგრძელებნ ბრძოლას.
“რუსეთი მარცხდება ყველგან, ეს საძაგელი ქვეყანა. ვენაცვალე უკრაინელებს, ისინი ბრძოლის ველზე ამარცხებენ და ამას გრძნობს ივანიშვილი. მას თავისი ქვეყანა არ უყვარს თორე იმპულსები აქვს იმის დედა ვატ…რე. დაინახა უკრაინაში გაიჭედა რუსეთი, ვენესუელაში მარცხდება, ირანში მარცხდება აზერბაიჯანში დამარცხდა, სომხეთში დამარცხდა და აქაც მარცხდება. ზუსტად, ჩვენ ვამარცხებთ რუსებსაც, ივანიშვილსაც და რას აკეთებს ივანიშვილი – ორი წელია იმ უფლისწულმა ვერ დაინახა აქ რომ ხალხს ჩაგრავენ? ორი წელია ცოტნე ივანიშვილმა ეს ვერ დაინახა? დიალოგი ახლა გაახსენდა და აკაცუკი რომ მიუღებელია ახლა დაინახა? თავპირი რომ აქვს დალეწილი ასობით ადამიანს, ციხეში რომ არიან 17 წლის ვაჟკაცები, მაგათ ვენაცვალე, სათითაოდ ვენაცვალე მე მაგათ კაცობაში და მზია არის უკვე მოსიარულე ისტორია. პროკურორებმა და მოსამართლეებმა ჰკითხეთ თქვენს თავს რომ დაბერდებით, რა გააკეთეთ, თორე მზია ამაღლობელი არის მოსიარულე ისტორია, ლეგენდა და იმ პატარა ბიჭებმა თავიანთი გაუტეხლობით დაწერეს ისტორია. ივანიშვილი გვეხმარება, რომ კარგი ქვეყანა ავაშენოთ, მაგრამ ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამას. მაგისთვისაცაა ერთი კოიკა ჩემს გვერდზე”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.
