პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე, ფაქტობრივად, უარი განაცხადა.
ბაკარაძის თქმით, მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომელზეც მიხეილ სარჯველაძე აპელირებდა.
„ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ, რომელიც თვეების განმავლობაში ვერ ბედავდა სასოწარკვეთილ მშობლებთან პირისპირ შეხვედრას და თვალებში ჩახედვას, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგით, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე.
ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის, ბავშვები, რომლებიც სწორედ მისგან ელოდნენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთ შესაძლებლობას. მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომელზეც აპელირებდა ბატონი სარჯველაძე.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,“ – განაცხადა ბაკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს ერთიდან სამ წლამდე.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით.
