ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი [კათოლიკოს-პატრიარქის] ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით… ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა… სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება! მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი)“,- ნათქვამია მეუფე შიოს ეპისტოლეში.
