უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
„უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. წელს სააღდგომო დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვედით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, რომ აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11-დან 12 აპრილამდე სააღდგომო ზავი გამოაცხადა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს ანდრეი ბელუსოვს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა, აღდგომის დღესასწაულზე საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.
„მოახლოებულ აღდგომის მართლმადიდებლურ დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის.
