1989 წლის 9 აპრილმა შეცვალა საქართველოს მომავალი. შეცვალა ქვეყნის განვითარების გზა, დამოკიდებულება სახელმწიფო ინტერესების მიმართ, შეიცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილმა „საზოგადოების ძალა წარმოაჩინა, რომელიც მზად არის წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს და იბრძოლოს და იშრომოს თავისუფლებისათვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის“.
„1989 წლის 9 აპრილმა მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი. შეცვალა ქვეყნის განვითარების გზა, შეცვალა დამოკიდებულება სახელმწიფო ინტერესების მიმართ. შეიცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობები და წარმოაჩინა საზოგადოების ძალა, რომელიც მზად არის წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს, იბრძოლოს და იშრომოს თავისუფლებისათვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის.
1989 წლის 9 აპრილის დილას საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. 21 ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული, ნათელი მომავლის იმედით სავსე ადამიანი საქართველოსთვის თავგანწირულთა დიდ არმიას შეუერთდა.
მადლობა მათ თავისუფლებისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
