თბილისში, ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება, რაც ათასობით მოვაჭრეს შემოსავლის გარეშე დატოვების რისკს უქმნის. პროექტს სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტი“ ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სამშენებლო ნებართვა ჯერ არ არის გაცემული. თუმცა, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროცედურა თბილისის მერიაში უკვე დაწყებულია. მიუხედავად ამისა, ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ — არ იციან, როდის მოუწევთ ტერიტორიის დატოვება და ექნებათ თუ არა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ძირითადად 12-დან 25 სართულამდე შენობები აშენდება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში 40-სართულიანი კორპუსების მშენებლობაც არის გათვალისწინებული. ასევე იგეგმება სავაჭრო ცენტრის („მოლის“), სკოლისა და საბავშვო ბაღის მოწყობა.
სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა დამატებით კითხვებს აჩენს — ამჟამად ტერიტორიაზე მისასვლელად ერთადერთი გზა ქეთევან წამებულის გამზირია, სადაც ერთი ზოლი ავტობუსებისთვის არის გამოყოფილი, დანარჩენ ზოლებში კი მუდმივი საცობებია. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ხომ არ ემუქრება დედაქალაქის ამ ნაწილს სატრანსპორტო კოლაფსი.
