ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესები დაუშვებელია. საუბარია სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე, საიდანაც ირკვევა, რომ საეკლესიო პირებს უსმენდნენ.
მისი თქმით, სასულიერო პირებს არაფრის ეშინიათ, რადგან ღვთის ნებით მოქმედებენ.
“ჩვენში არ შეიძლება რაღაც დაძაბულობა, ტელევიზიებში ათას სისულელეს უყურებ. არც ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს, თორემ ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებთ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით, ერთმა თავიც მოიკლა, ხომ ხედავთ. ფაილებში შეიძლება 95% სიმართლე თქვან და რაღაცა სისულელეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, ღმერთი გვიყვარს. წესიერად მოიქცეს ყველა. მე ახლა ჩვენი სახელმწიფოს იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც სიკეთე არ უნდა ჩვენთვის, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი””, – თქვა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.
