- რა წიგნს კითხულობთ ახლა ან ბოლოს რა წაიკითხეთ?
მე უკვე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიკითხო კლასიკა, რადგან ის რაც ნამდვილი კლასიკაა მე უკვე წაკითხული მაქვს. ახლა გადავწყვიტე, რომ საბრძოლო ხელოვნებებზე წიგნებს დავეუფლო და ბოლოს მივაგენი სხვათაშორის ძალიან საინტერესო წიგნს, ქსენოფონტეს “ანაბასისი”. ამ წიგნში არის მოხსენიებული ქართველი ტომები და კოლხები. თურმე საბრძოლო ხელოვნება როდიდან გვცოდნი. ამიტომ, როდესაც ჩვენს მებრძოლებთან აქვთ პრეტენზია ვურჩევდი ძველ ფილოსოფოსებს და მწერლებს გადახედონ. ჩემთვის ეს წიგნი ძალიან საინტერესო იყო.
- რომელი წიგნის პერსონაჟი იქნებოდით?
პერსონაჟები იცვლება ასაკთან ერთად. მაგალითად ბავშვობაში წაიკითხე ანა კარენინა და ფიქრობ, რომ რა ძლიერია ეს სიყვარული, შემდეგ გადის წლები და ფიქრობ რამდენი სისულელე შეიძლება გამეკეთებინა ან ამ ქალმა რა ჩაიდინა. ყოველ ათ წელიწადში ადამიანის ფსიქიკა იცვლება, ახლა უკვე სხვა სათაყვანო პერსონაჟები მყავს, უფრო ბრძენი ქალბატონები, ამიტომ ყოველ ათ წელიწადში ეს გემოვნება იცვლება
- როგორ მუსიკას უსმენთ?
ხასიათის მიხედვით. ჩემი ფსიქიკა ძალიან მძიმედ არის მოწყობილი. შეიძლება გავდიოდე ქალაქგარეთ და მინდოდეს მძიმე მუსიკის მოსმენა, შეიძლება მინდოდეს ალილოს მოსმენა ან კახური მრავალჟამიერი. მუსიკას ვუსმენ ჩემი ფსიქიკიდან გამომდინარე, ამიტომ არასოდეს არ მესმოდა ადამიანების, რომლებსაც აქვთ Playlist-ი. ჩემთვის წარმოუდგენელია ვიცოდე, რომელ სიმღერას რა მოჰყვება, ჩემი თითები სულ ფათურობს Youtube-ზე.
- რა გაღიზიანებთ ადამიანებში ყველაზე მეტად?
საერთოდ არ მაღიზიანებენ დამიანები, მივაღწიე იმ მდგომარეობას, როდესაც აღარაფერი მაღიზიანებს. ჩემთვის ადამიანები, რომლებიც არ მაინერესებს არიან გამჭვირვალე. გაღიზიანება ეს არის მაღალი ემოციური შეგრძნება შესაბამისად პიროვნება ან უნდა გიყვარდეს ან უნდა გძულდეს, ორივეს ეს გრძნობა ძალიან ძლიერია, მე კი ასეთი გრძნობები ადამიანების მიმართ აღარ დამრჩა. მე მყავს წრე ადამიანების, რომლებიც მიყვარს და მათი არაფერი მაღიზიანებს და თუ ვინმესთან დისკომფორტს განვიცდი, ის ადამიანი ჩემთვის უცბად ხდება გამჭვირვალე.
- რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა?
მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიღწევა ჯერკიდევ წინ მაქვს. ძალიან ბანალური იქნებოდა, რომ მეთქვა შვილები, შვილისშვილები, სამშობლოს სიყვარული, ჩემი სამსახურები.
- რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ არ მქონია. ისე მივაღწიე 52 წლამდე, რომ იმედგაცრუება არ მქონია. ვფიქრობ იმდენად უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ მისგან იმედგაცრუებული დარჩე, მე კი ასე ახლოს არ ვუშვებ ადამიანებს.
- რას ფიქრობთ ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე?
მე ვფიქრობ, რომ უმუშევრობა სულის მდგომარეობაა და არა ის მდგომარეობა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას აქვს. მე ბევრჯერ ვყოფილვარ ამერიკაში და ევროპაში და ხშირად მინახავს ბომჟები, რომლებსაც შეეძლოთ, რომ ემუშავათ, მაგრამ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო თავისუფლების შეენარჩუნება. ბევრისთვის ეს თავისუფლებაა. მე მყავს ძალიან ბევრი სტუდენტი და ვხედავ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ იყოს დასაქმებული რეალურად დასაქმებულია.
- დაახასიათეთ ვოლოდიმირ ზელენსკი სამი სიტყვით
საერთოდ არ ვიცნობ და ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია.