სამოქალაქო ორგანიზაციების საერთაშორისო ალიანსის, CIVICUS Monitor-ის რეიტინგში საქართველოს სტატუსი “შეფერხებულიდან” “რეპრესირებულამდე” დაქვეითდა.
CIVICUS Monitor-ის რუკაზე ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ვითარება შემდეგნაირად არის დაყოფილი: გახსნილი; შევიწროებული; შეფერხებული; რეპრესირებული; ჩაკეტილი.
CIVICUS Monitor-ის განმარტებით, ქვეყანას რეპრესირებულის სტატუსი ენიჭება, როცა სამოქალაქო სივრცე მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
აქტიური პირები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებიც აკრიტიკებენ მმართველ ძალებს არიან თვალთვალის, შევიწროების, დაშინების, დაპატიმრების, დასახიჩრებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია არსებობს, მათ ადვოკატირების საქმიანობას რეგულარულად ექმნება დაბრკოლებები და მათ ხელისუფლების მხრიდან რეგისტრაციის გაუქმება და დახურვა ემუქრებათ. მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზატორები ან მონაწილეები, სავარაუდოდ, ხელისუფლების სამიზნე ხდებიან გადამეტებული ძალის გამოყენებით და ემუქრებათ მასობრივი დაპატიმრებები და დაკავება. მედია, როგორც წესი, ასახავს სახელმწიფოს პოზიციას, ხოლო ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმა სისტემატურად იდევნება რეიდების, ფიზიკური თავდასხმებისა თუ ხანგრძლივი სამართლებრივი დევნის გზით. ვებგვერდები და სოციალური მედიის პლატფორმები იბლოკება, ხოლო ინტერნეტ-აქტივიზმი მკაცრად კონტროლდება,” – ნათქვამია CIVICUS Monitor-ს პრესრელიზში. [თარგმანი: “ნეტგაზეთი”]
2018-დან 2023 წლამდე CIVICUS Monitor-ის რუკაზე საქართველოს შევიწროებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. 2024 წელს საქართველოს სტატუსი შევიწროებულიდან შეფერხებულამდე დაქვეითდა. ბოლო, 2025 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო რეპრესირებული ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამოქალაქო თავისუფლებების შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მხოლოდ 34 აქვს. ქვეყანას 2024 წელს 54 ქულა ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელში ქვეყნის სამოქალაქო თავისუფლებების შეფასება 20 ქულით დაქვეითდა.
სამოქალაქო თავისუფლებების მკვეთრი გაუარესების გამო, CIVICUS Monitor-მა საქართველო საზედამხედველო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
აღნიშნულ სიაში ის ქვეყნები შეჰყავთ, სადაც სამოქალაქო თავისუფლებების სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუარესება შეინიშნება.
CIVICUS Monitor-ს თანახმად, სიაში შეყვანა ასახავს დემოკრატიული უკუსვლის საგანგაშო ტემპს, რადგან მმართველი პარტია “ქართული ოცნება” იღებს ფართომასშტაბიან რეპრესიულ კანონებს და აძლიერებს ბრძოლას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
საზედამხედველო სიაში მოხვედრის მიზეზებია:
შემზღუდველი კანონმდებლობის შეუჩერებელი ტალღა: მათ შორის ახალი კანონები “უცხოური აგენტების” შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა “კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ექსტრემიზმისთვის” და თანმდევი ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქტივობების ფართო სპექტრის კრიმინალიზაციას ახდენს.
მზარდი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე: მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი საქმეები, ადმინისტრაციული შემოწმებები და საბანკო ანგარიშების გაყინვა.
პოლიტიკური ოპოზიციის დევნა: წამყვანი პოლიტიკოსების დაპატიმრება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველოსთან ერთად, საზედამხედველო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდნენ ბენინი, ეკვადორი, ირანი და ფილიპინები – ყველა ის ქვეყანა, სადაც ბოლო პერიოდში უფლებების სწრაფი გაუარესება დაფიქსირდა.
CIVICUS Monitor არის გლობალური კვლევითი პლატფორმა, რომელიც აფასებს სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას, მათ შორის გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, 198 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. მსოფლიო მასშტაბით 20-ზე მეტი კვლევითი პარტნიორის ქსელის მიერ სამოქალაქო სივრცის დარღვევის შესახებ დადასტურებული ანგარიშების საფუძველზე, Monitor აკონტროლებს ინციდენტებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ცენზურას, აქტივისტების დაკავებას და სხვა. თითოეულ ქვეყანას ენიჭება 0-დან 100-მდე ქულა, რაც ასახავს მისი სამოქალაქო სივრცის ღიაობას, სადაც უფრო მაღალი ქულა მიუთითებს სამოქალაქო თავისუფლებებისადმი უფრო მეტ პატივისცემაზე. ამ ქულების საფუძველზე, ქვეყნები კლასიფიცირდება ხუთ კატეგორიად: გახსნილი; შევიწროებული; შეფერხებული; რეპრესირებული და ჩაკეტილი.
