თბილისის “დინამო” ავრცელებს ინფორმაციას გუნდის ვეტერანი მცველისა და ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტნის ჯაბა კანკავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“დღეს ჯაბა კანკავამ მუხლზე სასახსრე ხრტილის ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ჯაბა მოედანზე ზაფხულში დაბრუნდება”, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობაში.
ჯაბა კანკავას პროფესიული კარიერა სწორედ “დინამოში“ დაიწყო და კარიერის მიწურულსაც მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. თავდაპირველად იგი კლუბის ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და “ლურჯ-თეთრებთან“ ერთად უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. კანკავამ “დინამოს“ ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. დედაქალაქური კლუბის გარდა, ჯაბა კანკავას სხვადასხვა დროს უთამაშია კიევის “არსენალში“, “დნიპროში“, “კრივბასში“, “რეიმსში“, “ვალანსიენში“, “ტობოლსა“ და “სლოვანში“.
ჯაბა კანკავა 9 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ – ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
