დედისა და ძმის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტვ პირველის ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული 55 წლის კაცი დავით რატიანია. მკვლელობა კი მოსკოვის გამზირზე მოხდა. მეზობლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, რატიანმა სამზარეულოს დანით ჯერ მძინარე დედას მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი ძმას. ადგილობრივების თქმით, ქალი ბოლო წლებში საწოლს იყო მიჯაჭვული და გადაადგილება არ შეეძლო. ამავე ინფორმაციით, რატიანმა შემდეგ სასწრაფო გამოიძახა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია:
“ხმაური არ ყოფილა. დილას გავიგე სასწრაფო რომ მოვიდა. ვიფიქრე, რომ მოხუცი ქალი ჰყავდათ ცუდად. მერე პატრულიც მოვიდა… გაჟონა რაღაცებმა რომ ესეთი უბედურება [მოხდა] 2 მიცვალებულია. მოხუცებული იყო ეს ქალბატონი, საერთოდ ვერ გამოჰყავდათ გარეთ.” – ამბობს მეზობელი.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. შსს-ს ცნობით, ის 20 მარტს დააკავეს. კაცს ბრალი ოფიციალურად სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
