ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მითუმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, „იმედი“ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს.
„აუცილებელია პრეზიდენტმა დაიცვას მედიასაშუალებები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა
მანვე აღნიშნა, რომ წარმოუდგენელი აბსურდია „იმედის“ და „პოსტვ“-ის ბრიტანეთის მთავრობის მიერ დასანქცირება და აუცილებლად უნდა გაეცეთ მათ შესაბამისი პასუხი.
„ვცდილობდი, რომ ღიმილი მომეცილებინა ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ, რომ მართლაც წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ეს ორი ტელევიზია უკრაინაში გავლენას ახდენს და ბრიტანეთის მთავრობა აქ საქართველოში ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს. სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელია კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტს თუ მივაბამთ, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთი ძალის მიერ მართული გზავნილებია, დასჯის მექანიზმი, არაფერი განსხვავება არ არის მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასა და „იმედის“ და „პოსტვ“-ის დასჯასთან და დასანქცირებასთან დაკავშირებით ან ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან ან „კამიტის“ მოგონილ თემასთან ან რეზოლუციები ან BBC-ით და CNN-ით და ძალიან ბევრი მედიასაშუალებებით გადაცემული, რომ ჩვენ ვკლავთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვაწამებთ და ა.შ. ესეც იგივე ნარატივია, ერთი ქსელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ პირიქით პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეპყრობით ბრიტანეთს, აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
