ცხრა რეგიონში მცხოვრები მილიონზე მეტი მოქალაქე შესაძლოა უფასო იურიდიული დახმარების გარეშე დარჩეს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ და განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები ორგანიზაციას მოქალაქეების ყოველდღიურ სამართლებრივ დახმარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
საია, რომელიც ბოლო 31 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა, აცხადებს, რომ არსებული საკანონმდებლო გარემოს პირობებში მოსახლეობის ფართო ჯგუფებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ვეღარ შეძლებს.
ეს ნიშნავს, რომ უფასო ადვოკატის მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები – სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმიანობას სრულად არ წყვეტენ, თუმცა მუშაობას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით გააგრძელებენ. მათი თქმით, ორგანიზაცია მომავალში ისეთ საქმეებზე იმუშავებს, რომლებიც პრეცედენტულია და სისტემურ პრობლემებს ეხება.
