ფასების მკვეთრი ზრდა, ფინანსური ზარალი, კადრების შემცირება და კომპანიების ნაწილის სრულად დახურვა – ეს იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რასაც პლასტმასის ბოთლების სრულად აკრძალვა შესაძლოა მოჰყვეს. სასმელების მწარმოებლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში სექტორი სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
მათი თქმით, საქართველოში სასმელების წარმოების თითქმის 80 პროცენტი სწორედ პლასტმასის შეფუთვაზე მოდის. მწარმოებლები შესაძლო შედეგებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროდუქციის ფასი შესაძლოა 2.5-ჯერ გაიზარდოს, ხოლო ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს. მათივე შეფასებით, წარმოების ახალ პირობებზე გადაყვანის პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარს პრაქტიკულად გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე დატოვებს.
ბიზნესის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ პლასტმასის შეფუთვის აკრძალვის შესახებ დადგენილება ისე მიიღო, რომ ის სექტორთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებების არცერთი წარმომადგენელი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს არ შეხვედრია და შესაბამისად, რეგულაციის მიღმა დარჩა ის რისკები, რომლებიც სექტორს ემუქრება.
მწარმოებლები ამბობენ, რომ ნარჩენების მართვის პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა აკრძალვა არ არის. მათი თქმით, მთავარი გამოსავალი პლასტმასის გადამუშავების სისტემის განვითარება და ეფექტიანი ნარჩენების მართვაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მასშტაბური შეზღუდვების დაწესების მიზეზად გარემოს დაცვას ასახელებს. თუმცა პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სრული აკრძალვის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირის გამოცდილება უნდა გაიზიაროს, სადაც აქცენტი არა აკრძალვაზე, არამედ მწარმოებლებისთვის ისეთი მოთხოვნების დაწესებაზე კეთდება, რაც პლასტმასის გადამუშავებას უფრო მარტივს ხდის.
