აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.
