ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება წამებას, ეს მტკნარი სიცრუეა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
“იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო აშკარად სახეზე და საჯაროდაც გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან რის გათვალისწინებას აპირებენ, კობახიძემ ასე უპასუხა:
“რაც შეეხება წამებას, მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც, კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები, 4 ოქტომბერს ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება. ამ მიმართულებით ზომები უკვე მივიღეთ, შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმულია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც რა თქმა უნდა, აქტიურ ზომებს მივიღებთ“ – განაცხადა კობახიძემ.
